ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას ოფიციალურად იწყებს და ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინდივიდუალური, კოლექტიური და სპეციალიზებული სწავლების უზრუნველსაყოფად, საწვრთნელი მისიის დაწყებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს სამხედრო დახმარების მისიის დაწყებას, რომელიც სხვადასხვა წევრ ქვეყანაში 15000 უკრაინელი პერსონალის მომზადებას ისახავს მიზნად.
„დღეს ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა დავიცვათ თავი რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია გაწვრთნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი მამაცი ბრძოლა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
წვრთნების დროს, როგორც უკრაინელი ახალწვეულები, ასევე სპეციალიზებული პერსონალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაივლის სწავლებას.
ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის იდეით პირველად, ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა.
მისიის ოპერატიული შტაბი ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) ფარგლებში, ბრიუსელში განთავსდება და მისია ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვის,-ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას 3,1 მილიარდ ევრომდე გაზრდის.
„რუსეთის ბოლო, განურჩეველი თავდასხმები არ შეარყევს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ეს მხოლოდ გააძლიერებს მას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სამხედრო დახმარების მისიის მიზანია, „წვლილი შევიტანოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა უკრაინას მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - იტყობინება ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.