საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.
ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება); 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.