მილანის „ინტერი“ საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი იტალიის საფეხბურთო კლუბ ,,ინტერის“ სპორტულ დირექტორს მარკო მონტის შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, კლუბის ეგიდით, საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ „ინტერის“ საფეხბურთო კლუბი დაინტერესებულია აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდა თაობისთვის საფეხბურთო სკოლები გახსნით, რასაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა.

 „საქართველოში ასეთი ცნობილი კლუბის საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბებას ჩვენი მომავალი თაობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, კომიტეტი ყველანაირად მხარს დაუჭერს და დაეხმარება იტალიის საფეხბურთო გუნდს აღნიშნული იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.