უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართვისას ხაზი გაუსვა უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფას.
„ჩვენ ვმუშაობთ სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები: ერთი თვის განმავლობაში ჩამოვაგდეთ 233 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა. გასული დღის განმავლობაში ათი ირანული დრონი განადგურდა და ეს მხოლოდ კიევის მიმართულებით.
კიდევ 11 (Shahed) უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სხვა მიმართულებითაც არის შედეგები.
მაგრამ, სამწუხაროდ, არის ზარალიც. დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები.
მაგრამ ამას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. 20 ოქტომბრის დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.
გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული და შესაბამისად, შეზღუდვებიც უფრო მოკლე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.