საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება.
სახალხო დამცველი, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარე, ამ დროისთვის, მის სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას.
"ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან 2, უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას.
#1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად.
სახალხო დამცველის 1700-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითა: ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც. თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება.