ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის სხდომაზე, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.