ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუმინეთში, 101-ე საჰაერო სადესანტო-დივიზია „Screaming Eagles“ ევროპაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად განალაგა. იუწყება CBS News-ი.
Screaming Eagles (მყვირალა არწივები) არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფი აშშ-ში, რომელიც ნებისმიერ ბრძოლის ველზე მოქმედებისთვისაა გაწვრთნილი.
რუსეთსა და NATO-ს შორის მზარდი დაძაბულობის გამო, 101-ე დივიზია მძიმე ტექნიკასთან ერთად, 80 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში გადაჯგუფდა.
ახლა დაახლოებით 4700 მედესანტე, მძიმე ტექნიკასთან ერთად, რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული“, - იუწყება CBS News-ი.
CBS News-ი ტერიტორიას ამ ფაქტის გასაშუქებლად, დივიზიის მეთაურის მოადგილე, გენერალ ჯონ ლუბასთან და პოლკოვნიკ ედვინ მატაიდესესთან ერთად ეწვია.
„80 წლის შემდეგ, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია როგორც „მყვირალა არწივები“, ბრუნდება ევროპაში. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, მხარი დაუჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამი იყო NATO-ში აშშ-ის მისიის მიერ აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის არმიის 101-ე დივიზია, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმის სამხედრო ოპერაციაში.