შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ.
სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.