თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახაა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც.
უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი.
ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს.
კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ IPN-თან.
დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.