ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა

მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. წინ სტრასბურგის სასამართლოა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო. 

კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც უნდა, რომ გააღოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ, ჩვენ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ოცნების გარეშე და გავაღოთ. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა გვარამიამ.


საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.