აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირდაპირი დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით, საკვანძო როლს ასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პირდაპირი დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გასაღებია. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი ერთგულებას ადასტურებს.

„როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულებას ადასტურებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორმხრივად ვთანამშრომლობთ, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორების, როგორიცაა ევროკავშირი და ჩვენი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით.

პირდაპირი დიალოგი საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გასაღებია“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა. ამის შესახებ ალიევმა 7 ოქტომბერს, პრაღაში განაცხადა.

ალიევი მას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 24 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეხვედრისას განხილვის საგანს წარმოადგენდა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარეკებები.

„ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას.

ჩვენ ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის.

დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.