- ყირიმის პლატფორმა შეიძლება, იყოს დასაწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ დიპლომატიური პლატფორმები სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლადაც შეიქმნას. ზელენსკი ასეთი წინადადებით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე, ონლაინ მიმართვისას გამოვიდა.
- „ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ საყრდენად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების ასამოქმედებლად, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთის ტერიტორიებამდე“.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, როცა უკრაინა თავის კანონიერ სახელმწიფო საზღვრებში დაბრუნდება და ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს, მას დასჭირდება საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილება ყირიმისთვის სრული სიცოცხლის დასაბრუნებლად.
მისივე აზრით, იგივე გამოცდილება შეიძლება, გამოადგეს სხვა ქვეყნებს, რომელთა ნაწილები ოკუპირებულია.
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს სთხოვა, აუცილებლად ეწვიონ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ, მშვიდობიან ყირიმს, როგორც კი ადგილზე უკრაინის დროშა აღიმართება.
ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, შეინარჩუნონ და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა. ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი დაიწყო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე დააბრუნებს, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.