მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს

მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს.

მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა ზომები ელექტროენერგიის დაზოგვისთვის კრიზისის დროს - ხალხს სთხოვეს, არ გამოიყენონ ლიფტები გარკვეულ საათებში, შეამცირონ ტემპერატურა ოთახებში, შეზღუდონ ესკალატორების მუშაობა და შეამცირონ სახლების განათება.

კერძოდ, მოლდოველებს ურჩევენ, არ გამოიყენონ ლიფტები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჰაერის ტემპერატურა კი კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში სამუშაო დღეებში 19 °C-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 15 °C-მდე შეამცირონ.

ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი.

ამავდროულად, აკრძალულია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის იმპორტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა იერიშებმა მოლდოვის ენერგომომარაგებასაც შეუქმნა პრობლემა.

მოლდოვაში, რომელიც ელექტროენერგიის დეფიციტს 24 ოქტომბრიდან განიცდის, ელექტროენერგიის ეროვნული მიმწოდებელი, Energocom-ი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას 7:00 საათიდან 23:00 საათამდე.