გერმანია მალე უკრაინაში ორ MARS II ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და ოთხ (Panzerhaubitze 2000) თვითმავალ ჰაუბიცას გაგზავნის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს დღეს, რომ ორი MARS ტიპის სისტემის მიწოდება მოხდება უახლოეს მომავალში და ჩვენი ოთხი Panzerhaubitze 2000 ასევე გადაეცემა უკრაინას უახლოეს დღეებში“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
გარდა ამისა, მან შეახსენა კიევს, რომ გერმანია უკრაინაში ასევე გზავნის თანამედროვე Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ვიზიტით 25 ოქტომბერს ჩავიდა.
12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კიევმა გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა მიიღო.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.