ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა, დავადასტურო დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის, მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი აბსოლუტურად მიუღებელია და ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ამ ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება.
„ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ ომის, ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე. ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.