სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი, ამ ვიდეო და ფოტომასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა“, - წერია ინფორმაციაში.