გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით, (სვატოვოსა და კრემინას ) მიიწევენ წინ.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ბელოგოროვკას მიმართულებით გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეტევები მოიგერიეს.

„ოკუპანტები რეაქტიული არტილერიით აგრძელებენ დეოკუპირებული სოფლების დაბომბვას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება - ძირითადად, მოხუცი ადამიანები. 17 ადამიანს შორის, რომლებიც ბელოგოროვკაში რჩებოდნენ, იყო მოხუცი კაცი და მისი შვილი, რომელიც მას უვლიდა - ამ დღეებში სწორედ ისინი დაიღუპნენ რუსული ჭურვისგან”, - წერს სერჰი გაიდაი.