"ბრიუსელმა საქართველო უკან დატოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია" – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში“,- წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.