ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

ინფორმაციას ვენეციის კომისია საკუთარ twitter-ის გვერდზე ავრცელებს

აღნიშნული კანონპროექტის განხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დეკემბერში მიმართა.

კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატამა დაუჭირა მხარი.

სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს.

დეკემბერში ხელისუფლების საკანონდებლო ინიციატივას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს.

„ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში.

ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კანონპროექტის შეფასებისას.