თეონა აქუბარდია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს"ტოვებს, ამის შესახებ თავად აქუბარდიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა.
მისივე თქმით, ის რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი არიან.
აქუბარდია პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს სტრატეგია აღმაშენებელის დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც, მისივე თქმით, არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.
„პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.
შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს თეონა აქუბარდია.