პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
- სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი.
დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 1993 წელს დაბადებული ჯ.დ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ.
პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ს.ი., ახალქალაქში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ს.ი.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 186 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
1980 წელს დაბადებული ჯ.ვ. კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული. სამართალდამცველებმა სიღნაღში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება, 1989 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს.
მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა რევოლვერი და 22 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.