სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმისაგან ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტირებული ან დოკუმენტური მასალა რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დღეს სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმე და ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა. მელაშვილის თქმით, ბაღათურიას აღნიშნულ საქმესთან „არსობრივი დამოკიდებულება არც ადრე ჰქონია და არც დღეს აქვს“.

„სამწუხაროდ, მოვისმინე ხშირად უბინძურესი ბრალდებები, რაც ჩემი და ნატალია ილიჩოვას მისამართით იყო გამოყენებული, რასაც არავითარი არგუმენტაცია არ აქვს. საქმე ასეა: ის ლაპარაკობს რუკებზე და არ იცის რუკების შესახებ, არც აქვს ნანახი და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცის მიერ დატრენინგებულ მოწმესთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.