ევროკომისია კიდევ 100 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

ევროკომისიამ კიდევ 100 მილიონი ევრო გამოყო შვიდ წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუწყება Ukrinform-ი.

პირველი ტრანში 248 მილიონი ევრო გადაუდებელი დახმარების სახით მაისში გამოიყო ფრონტის ხაზის ხუთი წევრი სახელმწიფოსთვის: პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. საშინაო საქმეთა ფონდებიდან გადაუდებელი დახმარების მეორე ტრანში დაეხმარება პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას.

„წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები, რათა გააგრძელონ ლტოლვილებისთვის სასწრაფო დახმარების შეთავაზება, როგორიცაა, საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი“, ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის ცნობით, დანარჩენი 52 მილიონი ევრო გამოიყოფა შემდგომ ეტაპზე გაჩენილი საჭიროებებისთვის, როგორიცაა, განსახლების პროექტები, ხარისხიანი ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.

რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ევროკავშირი უკრაინას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.