ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი აღმოაჩინეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. გენერალურმაპროკურატურამ განაცხადა, რომ მაღაზიებში ქართული პროდუქციის რეალიზაციის საკითხის შესწავლა დაასრულეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაში“ და „რუბეს“ კონსერვები, რომლებიც წარმოებულია რუსეთის სტავროპოლის მხარეში, თუმცა ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და რუკა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიას მოიცავს.

გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი და საირმე აღმოაჩინეს.

მაღაზიებში ასევე იყიდებოდა რუსული „მოროზოვას ფუნთუშები“ (8 ქილა, 8 მინი პაკეტი და 13 შეკვრა). პროდუქციის იმპორტიორი იყო ქართული კომპანია „ორბიტა“ თბილისიდან.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრას, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა.

ე.წ. პროკურატურის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაირღვა აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ახლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.