აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი, კიევში ჩავიდა. ის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე დაწერა.
„კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი დარტყმების მიუხედავად, მე მივესალმე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდს ვიზიტს კიევში. მან თავად მოისმინა უკრაინელებისგან, მუდმივი დაბომბვის ფონზე როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერა“, - აცხადებს ამერიკის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა.
უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.