სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია როგორც „რუსთავი 2“-სთვის 6 7000 ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედაა ცნობილი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 -ე მუხლის მესამე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2015 წლის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2019 წლის ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან. ნიკა გვარამიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღის და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“, - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ.


საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.