თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
„აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.