ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა გაფართოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 2 ნოემბერს, განიხილეს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩართულია შიდა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში და ერთადერთი გარე უწყებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი არ გახლავთ.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ფარავს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიმართულებებს.
ეს ცვლილება მოიტანხს ორმხრივ სარგებელს, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მთავრობის ინიციატივით შედის.
მთავრობის განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანია.
„ამ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური არიან.