ვინ არიან რუსი ოლიგარქები, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

  • ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობენ ხელს

ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს დაუწესა.

ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორები არიან. ადრე ისინი რუსეთის ფოლადის მწარმოებელ Evraz plc-ში ძირითად წილებს ფლობდნენ.

აბრამოვის ქონება „ფორბსმა“ 6.4 მილიარდად შეაფასა. ფროლოვის ქონება $2.6 მილიარდად არის შეფასებული.

დღესვე სანქციები დაეკისრათ აირატ შაიმიევს, რომლის მთლიანი კაპიტალი 902 მილიონი ფუნტია და ალბერტ შიგაბუტდინოვს, რომლის მთლიანი კაპიტალი 977 მილიონი ფუნტს შეადგენს.

ამ ოლიგარქებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ და ქონებაც გაეყინათ.

შაიმიევი სახელმწიფო სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანია Tatavtodor OJSC-ის გენერალური დირექტორია.

შიგაბუტდინოვი კი, TAIF Group-ის (რუსული ჰოლდინგი (საინვესტიციო კომპანია), რომელიც აკონტროლებს ქიმიური, ნავთობქიმიური და ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი სექტორების 96%-ს) აღმასრულებელი დირექტორია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ჯამში 120 ოლიგარქს დაუწესა სანქციები, მათი ქონება 140 მილიარდ ფუნტზე მეტს შეადგენს.