“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამის შესახებ ინფოტრმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
„ინიციატივის ავტორები - კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ითხოვენ ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში, რომლის თანახმადაც, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, მსგავს შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ როგორც საკრებულოს, ასევე მერს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საკრებულოსა და მერის საერთო შეთანხმების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად მის დამტკიცებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი.
ახალი ინიციატივა პასუხისმგებლობას არიდებს მერს, საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება სამ მუნიციპალიტეტშია - რუსთავის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მერის პოზიციას „ქართული ოცნების” წარმომადგენელი იკავებს, საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიების კოალიციური უმრავლესობაა შექმნილი.
სავარაუდოა, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის რეალური მიზანიც სწორედ ის იყოს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ქართული ოცნების” წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.