სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. ეს შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხური გაზეთი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ მოაწერენ ხელს.
ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების ადგილად თბილისი შემთხვევითი არ არის შერჩეული, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია თურქეთის გავლენის ზონაში მოექცევა“, ხოლო საქართველო „ამ რეგიონში, დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“.
„ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცაზე (მთიანი ყარაბაღი - რედ.). შეწყვეტს არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ მთელი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული საპრეზიდენტო აპარატით დამთავრებული.
ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, საბავშვო ბაღების გარემონტება“, - წერს გაზეთი.
მანამდე, ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმებულიყო. სად შეიძლება, ხელი მოეწეროს ხსენებულ დოკუმენტს, მხარეები ჯერჯერობით არ საუბრობენ.
გაზეთ Hraparak-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს.
ასევე წაიკითხეთ: