სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე

24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პირველმა პირმა დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ კავშირებსა და ენერგოპროექტებს. თუმცა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის პოლიტიკური კონტექსტი და ახალ რეალობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რა როლი ექნება საქართველოს. ამ თემაზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს  ესაუბრა.

ET: რა არის საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტისას გაჟღერებული მთავარი პოლიტიკური გზავნილი?

საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც შუამავლები ევროკავშირის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე ჩავიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ჩამოყალიბდეს, აზერბაიჯანის სურვილია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით, არამხოლოდ ორმხრივი, არამედ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის სამმხრივი პლატფორმა შეიქმნას.

ET: ილჰამ ალიევმა ღიად განაცხადა სამმხრივი პლატფორმის შექმნის სურვილზე, თუმცა საქართველო, როგორც შესაძლო ერთ-ერთი მედიატორი „პრაღის შეთანხმების“ მიღმა დარჩა.

გასაგებია კითხვის მიმართულება, თუმცა, ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან. საქართველოს ჩართვა სამმხრივ პლატფორმასა და სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით შეცვლის გეოპოლიტიკურ სურათს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ამ შემთხვევაში, ერთობლივი ძალებით, შესაძლებელი იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტება და სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. შესაძლოა, ალიევს სურდეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარების კონტექსტში. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველო ჩაერთო პროცესებში და შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა.

ET: „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ რიგმა ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ საქართველომ გარკვეულწილად დაკარგა ლიდერის ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის როლი იზრდება და ძლიერდება რეგიონში თურქეთის გავლენები.

თურქეთის გავლენა იზრდება ბუნებრივია, და აზერბაიჯანისაც, იქიდან გამომდინარე, რომ მან განიმტკიცა თავის პოზიციები მთიან ყარაბაღში. ასევე გამოიკვეთა თურქეთის, როგორც შუამავლის როლი, რადგან ამ ქვეყნის სამხედრო დამკვირვებლები იმყოფებიან მთიანი ყარაბაღის ზონაში. აქ ერთი პოზიტიური (შედეგი, რედ.) ისაა, რომ მცირდება რუსეთის გავლენა, ამიტომაც, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთო ჯამში დადებითად აისახება.

ET:  ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ახალი რეალობა იქმნება“ და „მომზადებული უნდა დავხვდეთ“. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალ რეალობაში საქართველოს მნიშვნელობა გაიზარდოს?

საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან საერთო პროექტებში. იგივე „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, „ბაქო-სუფსა“. ამ პროექტებში საქართველოს როლი არის მნიშვნელოვანი, თუმცა აუცილებელია დაუახლოვდეს დასავლურ სტრუქტურებს.

თუ სამხრეთ-კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის როლი იზრდება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს, როგორც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნის როლი გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. ამასთან, თუ შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს გზას გაუხსნის დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან.

ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა. საერთო ჯამში, იდეალური ვარიანტია, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ET: ე.ი. საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს?

საქართველო ერთი მხრივ, უნდა დაუახლოვდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს, რითაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებს დააბალანსებს გეოსტრატეგიული და ეკონომიკური პროექტების თვალსაზრისით, მაგრამ ღირებულების თვალსაზრისით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ET:  რომ შევაფასოთ, რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის მთავარი გზავნილი და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში ამ ვიზიტის შემდეგ?

საქართველოში ალიევის ვიზიტის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი, ერთმანეთთანაა კავშირში. ახალი რეალობიდან გამომდინარე, ერთი კონტექსტია აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება. ორივე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელს შეუწყობს, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

რაც შეეხება პოლიტიკას, აქ საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. იგივე სამმხრივი პლატფორმის შექმნა - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თუ სამივე კავკასიური ქვეყანა ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის კონტექსტში, თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას იმ დოზით ვეღარ შეძლებს. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო.

ალიევი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, პირდაპირ არ უპირისპირდება რუსეთს, თუმცა სურს, რომ რეგიონში მისი გავლენა შემცირდეს. რუსეთი აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას. ცალსახაა, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებით.