უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე საგუშაგო მიატოვეს

რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს საგუშაგოები ხერსონის ოლქში ჩორნობაივკაში, სტეპანივკასა და ბილოზერკაში, ხერსონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ჯარებმა მიატოვეს საგუშაგოები შემდეგ დასახლებებში: ჩორნობაივკა, სტეპანივკა და ბილოზერკა. თავად ქალაქ ხერსონში სამხედრო პერსონალის რაოდენობა შემცირდა", - აცხადებს ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკის მერი, ევგენი რიშჩუკი.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ 3 ნოემბერს, ხერსონში „ადმინისტრაციის“ შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ჩორნობაივკას აეროდრომიდან მთელი თავისი სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს.