„ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით, ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია ცხადია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგია, მეცნიერება, გარემო დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა რამის საჭიროება არსებობს ამ ყველა მიმართულებით ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში.
ეს დღე ეკუთვნის ასევე საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების მეშვეობით, ჩვენი სტუდენტების მეშვეობით, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, მაგრამ ასევე იცნობენ იმდენად, რამდენადაც იცნობენ სუხიშვილებს, ხატია ბუნიათიშვილს, ნინო ხარატიშვილს, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვას.
ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა და გამომრჩებოდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა. პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია, მას ასევე სჭირდება ყოველივე მისი მოქალაქის, მისი თანამემამულის ჩართულობა ამ დიდ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და მუდამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლეში დღეს დიპლომატის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ. სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა „ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
„არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და მეორე ადამიანი გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა, რომელმაც ეს ღონისძიება ჩვენი პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა. საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა.
ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას იმათ, ვინც საქართველოს ინტერესების დასაცავად შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ დიპლომატიის ისტორიაში. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მეფის ემისრებს, თავადებსა თუ რელიგიურ პირებს, რაც იყო ასევე ჩვევა იმდროინდელი ისტორიისთვის.
მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით გადაარჩინეს ხშირ შემთვევაში საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო გარე დიპლომატია, როგორც ეს იყო შიდა დიპლომატია. შეგვიძლია, გავიხსენოთ შიდა დიპლომატიის კუთხით კრავაი ჯაყელი და გარე დიპლომატიის კუთხით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე.
ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის სწორედ პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ ასე, რომ ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში - როცა იცი რა გინდა შენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ, რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა.
მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი.
ეს დღე ეკუთვნის ასევე, 91 წელს ახლად შექმნილ, აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყვნენ, პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ - მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი და მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა.
- შემიძლია, პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის, მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, ის გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა.
მათ შეძლეს მთავარი - ჩვენი სხვადასხვა პარტნიორებისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარე საფრთხეების და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის, სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია.
ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაციიდან და ასოცირების გაზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატურამდე.
ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი მიღწევა და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა სწორედ დიპლომატების ფასდაუდებელი შრომის შედეგია.
ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად.
დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და იმათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც არ უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.