საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273’-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.