კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს, ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტიის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
საკელაროპულუს თქმით, საბერძნეთი პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით დგას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას, დაიცვათ თქვენი ტერიტორიული მთლიანობა და დაგეხმარებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკელაროპულუმ ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.