თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.

დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა.

ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას კომპოზიტორის,  საქართველოს დამსახურებული არტისტისა და  თბილისის საპატიო მოქალაქის, გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.

მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთი, მასთან არსებული ერთი ჩიხი და ერთი შესახვევი რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელობის გახდა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის N220 საჯარო სკოლა კი, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.