აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებს პერესკონფერენციის მსვლელობისას განუცხადა.
მისივე თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს და შემდგომაც განიხილება.
„საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ”, - აღნიშნა სალივანმა.
ამასთან, სალივანის თქმით,„თეთრი სახლი ამისთვის საჭირო დახმარებას გაიღებს, ისევე როგორც კონკრეტულად ხერსონის ოპერაციისთვის ადაპტირებულ დამატებით დახმარებას“.
„ბრძოლის ველზე ვითარების შეფასება ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ უკრაინას ვაწვდით იმას, რაც მას ესაჭიროება, რომ ეს მოხდეს… დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, რა არის საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მივაწოდოთ ის, რაც ამ ბრძოლისთვისაა საჭირო”, - აღნიშნა სალივანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯაიკ სალივანი კიევში 4 ნოემბერს ჩავიდა.