კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგებს ამზადებენ

დედაქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ქმედებების გამო, ელექტროენერგია, სითბო და კომუნიკაციები შევინარჩუნოთ. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დატოვონ“, - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს განიხილავს, რათა ნებისმიერი მოვლენისთვის მზად იყოს. კერძოდ, ქალაქმა მოამზადა საწვავის მარაგი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვები და სასმელი წყალი, ასევე, გათბობის პუნქტები.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი სცენარი არ დადგეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევით, ამიტომ, თითოეული ჩვენგანი ასევე მზად უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის“, - განაცხადა კიევის მერმა.