თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-12 ბატალიონმა NATO-ს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა

NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად.

„წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო.

სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა NATO-ს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა.

სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა.

NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა.

NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა.

NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება.

„NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.  

  • NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა.
NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით.

ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება.

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება.

NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა.

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.