ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მატარებელი ჩავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში ომისთვის ფარულად აწვდის. ამის შესახებ ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა (38 North) თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით განაცხადა.
მისივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში მატარებლის ასეთი მოძრაობა შენიშნეს.
რუსეთის ვეტერინარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მატარებელმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა და მას ცხენები გადაჰყავდა.
„გამოსახულებიდან შეუძლებელია მატარებლის მისიის დადგენა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ხდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის აღდგენის ზოგადი მოლოდინის ფონზე”, - განაცხადეს თავის მხრივ, ანალიტიკურ ცენტრში.
ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებია რუსეთისთვის იარაღი ან საბრძოლო მასალა და არ აპირებს ამის გაკეთებას.
უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა.
ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში.