აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
„აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად გრძელვადიანი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.