პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დარეგისტრირდა

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების პროცესში ქმნის პრობლემას. მისივე თქმით, კანონმდებლობის ამ ნაკლოვანებას ხაზი გაესვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებშიც.

„ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პირდაპირ ექცევა სისხლის სამართლის არაპროპორციულად და უსამართლოდ მკაცრი ნორმების მოქმედების სფეროში“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, კანონპროექტით არ ხორციელდება ნარკოდანაშაულის რაიმე ფორმით დეკრიმინალიზაცია და, მითუმეტეს, ლეგალიზაცია. ასევე, კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთი მძიმე ფორმის (მაგალითად, გასაღების, რეალიზაციის) კვალიფიკაციაზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც უნდა შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა.

მიხეულ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

„ზუსტი ოდენობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტის ვებ. გვერდის მეშვეობით, სადაც განთავსებულია კანონის პროექტი. ამ კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული და სამართლიანი სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარებისთვის.

ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმე სახით წახალისება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ სიფრთხილით და ეტაპობრივად გატარებულიყო გონივრული პოლიტიკა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, რამაც შედეგად უნდა მოიტანოს ნარკომანიის გავრცელების პრევენცია (მათ შორის, გასაღების დანაშაულთან მკაცრი დასჯადობის გზით), მომხმარებელთა განკურნება. „ეს კანონპროექტიც წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ გადადგმული შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა:

"მკაფიოდ გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებათა ფლობისა და მათი გასაღებისათვის; სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს ზედოზირების შემთხვევის თაობაზე, რაც ქმნიდა დიდ გამოწვევას პირთა ჯანრმთელობის დაცვის პროცესში;

შემუშავდა და მიღებულია საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის კუთხით; სამართლიან სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული მარიხუანის/მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადატანის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის;ახლებურად განისაზღვრა მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობები;

2020 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიაა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის მიმართულებით;

2020 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფს (Pompidou Group), რაც, ასევე, სამართლიანი ნარკოპოლიტიკის მისაღწევად გატარებულ რეფორმას უკავშირდება.

„საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან. ამჟამად, კანონპროექტის ინიციატორები ჩემთან ერთად არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი დავით სერგეენკო, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ვლადიმერ კახაძე, ბატონი ალუდა ღუდუშაური“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.