ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს.
დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლისა და ჯარისკაცის მისამართით, რომლებიც სოფელ გოლიამ დერვენტის მახლობლად პატრულირებდნენ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.
ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც არ დაშავებულა, საპასუხო ცეცხლი გახსნა.
„ეს არის კრიმინალური ქმედება, უკიდურესი აგრესია... ეს არის პირველი თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით, მიგრანტების მიერ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა ივან დერმენჯიევმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.
„ამიერიდან, ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ოფიცრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თურქულმა მხარემ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ბულგარეთმა 350-მდე ჯარისკაცი განალაგა თურქეთთან და საბერძნეთთან სამხრეთ საზღვარზე, რათა დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას მიგრანტების მზარდ ნაკადთან ბრძოლაში.