9 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი "მოკლული ან დაჭრილია უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სააგენტო წერს, რომ ეს შეფასებები დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა.
უკრაინაში დიპლომატიის პერსპექტივების შესახებ კითხვის საპასუხოდ მილიმ აღნიშნა, „პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, მოლაპარაკებებზე უარმა ადამიანების ტანჯვა გააღრმავა და მილიონობით მსხვერპლი გამოიწვია, ამიტომ, როცა არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა და თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მომენტი უნდა გამოიყენო“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 21 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაღუპულია 5937 სამხედრო მოსამსახურე.
მილის თქმით, თავდაპირველი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რუსეთი ხერსონიდან გასვლას აპირებს. მაგრამ გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მის დასრულებას შეიძლება, დრო დასჭირდეს.
„მათ არ დასჭირდებათ ერთი ან ორი დღე, ამას დასჭირდებათ დღეები და შესაძლოა, კვირებიც კი, რათა ეს ძალები მდინარის სამხრეთით გაიყვანონ,” - თქვა მილიმ და დაამატა, რომ რუსეთს სავარაუდოდ, 20,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცი ჰყავდა მდინარე დნიპროს ჩრდილოეთით.
მილის თქმით, კონფლიქტმა აქამდე 15 მილიონიდან 30 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად აქცია და სავარაუდოდ, 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„თქვენ ხედავთ 100 000-ზე მეტ მოკლულ და დაჭრილ რუს ჯარისკაცს. იგივეა, ალბათ, უკრაინის მხარეს“, - აღნიშნა მილიმ.