საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.