პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს პასუხობს.
წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების ნდობას არ იწვევს, რადგან ომბუდსმენი პატიმრებთან დაკავშირებული კანონპროექტებით არ ინტერესდება.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მონიტორინგთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ და არც ახლა ექმნებათ რაზეც პენიტენციურმა სამსახურმა უკვე უპასუხა.
„სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ მრავალი თვეა, იუსტიციის მინისტრი აღარ ვარ, ასევე, არ ვარ იმ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, რომ არის პენიტენციური სისტემისთვის დარგობრივი კომიტეტი. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს”, -აცხადებს თეა წულუკიანი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო ხედავდა რომ პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ნდობის ხარისხი, ძალიან სწრაფი ტემპით უარესდებოდა, სახალხო დამცველი კი პროცესის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა.
„ახლახან საჯარო შენიშვნაც მივეცი და მას მოვუწოდე, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვის პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა, როგორც „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. პატიმარი სახალხო დამცველს ბუნებრივად თავის მოკავშირედ მოიაზრებს და როცა ის ამ მოკავშირეობაზე უარს ეუბნება, როცა პატიმრები ხედავენ, რომ „ამნისტიის კანონი“ მას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნდობის ეროზიას.
დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თუ კანონად იქცევა, დიდწილად პატიმრების უფლებებსაც ეხება. ამიტომ, სახალხო დამცველის ადგილას რომ ვიყო, ამ იდეას ავიტაცებდი, ვიმუშავებდი მიხეილ სარჯველაძესთან და ჩემთან, ვინც ამ ცვლილებების ავტორები ვართ და დავიცავდი პატიმრების ინტერესებს კანონპროექტის განხილვისას, მაგრამ ეს არ ხდება. არც მას და არც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც საჯარო სივრცეში ვამბობთ, მედიის დამსახურებით, ამას საკანში პატიმრები ისმენენ. როცა პატიმარი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს არ აინტერესებს ამნისტია, როცა ეს პატიმარს აინტერესებს, ასევე, როცა პატიმარი ისმენს, რომ სახალხო დამცველს ალბათ, ის კანონპროექტი არ დააინტერესებს, რომელიც დღეს დავაინიცირეთ, მათ ეს უკვირთ. “, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული.
ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა
"ვფიქრობთ ეს თავდასხმები გამოწვეულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყენებული ანგარიშით, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწევა. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.