აშშ, სანქციებს უწესებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს იარაღის შესყიდვაში ეხმარებიან

შეერთებული შტატები, ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთს, უკრაინაში ომის წარმოებისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაში ეხმარებიან. 

ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები 14 ფიზიკურ პირსა და 28 სუბიექტს შეეხება. მათ შორის ფინანსურ შუამავლებს.

ჯანეტ იელენმა უარი თქვა დეტალების გამჟღავნებაზე, რუსული შესყიდვების შესაჩერებლად რომელი ტექნოლოგიები გახდება სანქციების სამიზნე. 

მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთში მსხვილ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს, ხოლო ვაჭრობის დეპარტამენტმა შეაჩერა ამერიკული კომპონენტებისა და ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი, რომლებიც გამოიყენება რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში.

ცნობილია, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები შეიძინა, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

ირანის სამხედრო ორგანიზაციები და ინდუსტრიები, თეირანის ბირთვული განვითარების პროგრამის გამო, აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ უკვე იმყოფებიან.