უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის - ღარიბაშვილი

უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ურთიერთობები დამყარებულია ჩვენს საერთო ფასეულობებზე და ინტერესებზე.

დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ ანალოგიური ასეთი ომი, მართალია სხვა მასშტაბით, თუმცა 2008 წელს გამოსცადა და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.