პრემიერი ევროკომისარს: ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში

ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

„მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რეკომენდაციების…სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება არის დეპოლარიზაცია.

ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა. მას შემდეგ, რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ჩვენ – მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე, ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

„აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობა მუშაობს.

„რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე.

ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი.

ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე.

აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. პირველი რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია ანუ პოლარაციზაციის დასრულება. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე.

დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი. ამაზე რეპორტი გადაეცემა კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მახსოვს ძალიან კარგად და მინდა, ბატონ კომისარს მივაწოდო დადასტურებული ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.